English / ქართული / русский /
ვლადიმერ პაპავათამარ თაფლაძე
რატომ არ არის ინფორმაცია წარმოების ფაქტორი?

ანოტაცია. სტატიაში განხილულია იმის თეორიული შესაძლებლობა, თუ რამდენად შეიძლება ინფორმაციისათვის წარმოების ძირითადი ფაქტორის სტატუსის მინიჭება. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოების ძირითადი ფაქტორების თეორიის თანახმად, წარმოების თითოეულ ფაქტორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფაქტორული შემოსავალი, ნაჩვენებია, რომ ინფორმაციის შემთხვევაში ესპ რინციპი დარღვეულია. კერძოდ, ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს–კომერციულ ინფორმაციას აქვს შესაბამისი საფასური როიალტის სახით, ხოლო ღია ინფორმაციას ასეთი საფასური არ გააჩნია. ძირითადი შეცდომა, რომელსაც უშვებენ ეკონომისტები ინფორმაციის წარმოების ფაქტორად აღიარებისას, გამომდინარეობს იქიდან, რომ ეკონომიკსის მიხედვით ერთმანეთში გაიგივებულია ფაქტორი და რესურსი. სინამდვილეში ინფორმაცია წარმოების უმნიშვნელოვანესი რესურსია და არა ფაქტორი.

საკვანძო სიტყვები: წარმოების ფატორი, ფაქტორული შემოსავალი, ინფორმაცია, როიალტი, რესურსი. 

ეკონომისტები თვლიან, რომ წარმოების ფაქტორების საკითხი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია ეკონომიკის მეცნიერების მიერ. მიუხედავად ამისა, საკითხი ამ ფაქტორების წრის გაფართოების შესახებ მაინც რჩება სადისკუსიოდ [Gentile, 2011].

ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ წარმოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ინფორმაციას წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორის სტატუსი უნდა მიენიჭოს. აუცილებელია წარმოების ფაქტორების თეორიის არსებითი მომენტების განხილვა, რათა საბოლოოდ დადგინდეს არის თუ არა ინფორმაცია წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორი.

ეკონომისტები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულნი არიან, რომ წარმოების სამ ძირითად ფაქტორთა რიცხვს მიეკუთვნება შრომა, მიწა და კაპიტალი. წარმოების ფაქტორების თეორიის თანახმად, წარმოების თითოეულ ფაქტორს აქვს შესაბამისი ფაქტორული შემოსავალი. კერძოდ, შრომის შემოსავალია ხელფასი, მიწის – რენტა, ხოლო კაპიტალის – პროცენტი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მენეჯმენტის თეორიაში სულ უფრო რელიეფურად გამოიკვეთა წარმოების პროცესში მენეჯმენტის წვლილი [Taylor, 2004]. საბოლოოდ ეკონომიკურ მეცნიერებაში წარმოების დამოუკიდებელ მეოთხე ფაქტორად აღიარებულ იქნა სამეწარმეო უნარი, ხოლო მის ფაქტორულ შემოსავლად კი _ მოგება [McConnell, Brue, 2005, pp. 23-24; Макконнел, Брю, 1992, сс. 37-38].

ეკონომიკური მეცნიერების განვითარების კვალობაზე, წარმოების მეხუთე ფაქტორად გამოიკვეთა სახელმწიფოსეკონომიკურიუნარი, რომლის ფაქტორულ შემოსავალს წარმოადგენს ირიბიგადასახადებიბიზნესზე, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზები, ქონების გადასახადი, საბაჟო გადასახადი [Papava, 1993, 2000; Папава, 1993]. წარმოების მეხუთე ფაქტორის და შესაბამისი ფაქტორული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია უკვე აისახა გამოყენებითიეკონომიკსის ბრიტანულ სახელმძღვანელოში [Griffiths, Wall, eds., 1997, p. 358].

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წარმოების ყველა ძირითად ფაქტორს აქვს თეორიულად დასაბუთებული, შესატყვისი ფაქტორული შემოსავალი, რაც წარმოების ძირითადი ფაქტორების თეორიას ერთიან სისტემად კრავს.

უკვე დაგროვდა არაერთი ნაშრომი, რომლებშიც ინფორმაციის, როგორც ასეთის, წარმოების ფაქტორთა ჩამონათვალში ჩართვა განიხილება [Berczi, 1981; Gentile, 2011; Kendall, Scott, 1990; Артамонов, 2010]. ინფორმაციის მსგავსად, წარმოების დამოუკიდებელ ფაქტორად ასევე განიხილება ინფორმაციული ტექნოლოგიები [Brynjolfsson, Hitt, 1995].

ის ეკონომისტები, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ინფორმაცია არის წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორი, როგორც წესი, თავის კვლევაში შემოიფარგლებიან ინფორმაციის, როგორც ასეთის, მისი არსებითი მახასიათებლების შესწავლით და, განსაკუთრებით კი, იმ მნიშვნელობის ხაზგასმით, თუ რა როლი აქვს ინფორმაციას თანამედროვე წარმოებაში. ამგვარი ტიპის კვლევის ავტორები, როგოც წესი, ივიწყებენ წარმოების ფაქტორების თეორიის უმნიშვნელოვანეს კონსტრუქციას, რომლის თანახმადაც წაროების თითოეულ ძირითად ფაქტორს უნდა ჰქონდეს შესატყვისი ფაქტორული შემოსავალი.

ამ კონტექსტში აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ყოველივე ის, რაც გამოიყენება წარმოების პროცესში არ არის აუცილებელი, განხილულ იქნეს როგორც წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორი [Church, 2016, p. 15].

ზოგიერთ ნაშრომში ინფორმაციის, როგორც წარმოების ფაქტორის ფაქტორულ შემოსავლად მიჩნეულია როიალტი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ფულადი ანაზღაურება [Берестовая, 2017].

სინამდვილეში, წარმოების პროცესში ორი განსხვავებული ხასიათის ინფორმაციაა: ინფორმაცია, რომელიც არის ღია, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და კომერციული ინფორმაცია, რომელიც უნდა იყიდო [Голиченко О., 2008, 2012].

ინფორმაციის მიღებას ღია წყაროებიდან არანაირი საფასურის გადახდა არ უნდა, მაშინ როცა კომერციული ცოდნის ტრანსფერი მისი საფასურის, ანუ როიალტის გადახდის გარეშე შეუძლებელია. მაშასადამე, ინფორმაციის, რომელიც “მონაწილეობს” წარმოების პროცესში, მხოლოდ ნაწილს (კერძოდ, კომერციული ხასიათის მქონეს) აქვს საფასური.

თქმულიდან გამომდინარე, არ არის ძნელი დავასკვნათ, რომ თუკი ინფორმაციას ვაღიარებთ როგორც წარმოების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს, მაშინ ამით ირღვევა წარმოების ფაქტორების თეორიის მთლიანობითი ხასიათი, რადგანაც ვეღარ იქნება შენარჩუნებული უმთავრესი პრინციპი, რომლის თანახმადაც ფაქტორული შემოსავალი აქვს წარმოების თითოეულ ძირითად ფაქტორს მთლიანობაში და არა რომელიმე მის ნაწილს.

ბუნებრივად ისმება კითხვა, თუ რა არის ძირითადი მიზეზი იმ შეცდომისა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთმა ეკონომისტმა ინფორმაცია წარმოების ძირითადი ფაქტორების რიცხვს მიაკუთვნა.

პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციული ეკონომიკსისთვის დამახასიათებელი ორი ტერმინის – “წარმოების ფაქტორის” და “წარმოების რესურსის” ერთმანეთში აღრევა მოხდა. სხვა სიტყვებით, ტერმინები – “ფაქტორი” და “რესურსი” გამოიყენება როგორც სინონიმები. ასეთი მცდარი გაიგივება თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომებისთვისაცაა დამახასიათებელი (მაგალითად, [Окилов, 2016]).

უკეთეს შემთხვევაში, ტერმინებს _ “ფაქტორსა” და “რესურსს” შორის განსხვავებად მიიჩნევა ის, რომ წარმოების ფაქტორად ითვლება წარმოებაში გამოყენებული რესურსი, ხოლო ამ უკანასკნელის როლშია ის, რისი გამოყენებაც შეიძლება წარმოებაში [Берестовая, 2017]. ამგვარი ახსნა ფაქტორსა და რესურსს შორის აშკარად ზედაპირულია.

სინამდვილეში, პრობლემა ბევრად უფრო რთულია. კერძოდ, თეორიულადაა დამტკიცებული, რომ ინფორმაცია ენერგიასთან და ნივთიერებასთან ერთად მიეკუთვნება რესურსების ჯგუფს და ის არ არის წარმოების ფაქტორი [Гребнев, 2010, c. 140].

მაშასადამე, ინფორმაცია არის წარმოების ძალზე მნიშვნელოვანი რესურსი [Cleveland, 1982] და ეს სავსებით საკმარისია თანამედროვე საწარმოო პროცესებში ინფორმაციის როლის შესასწავლად. ამასთან ერთად, ბუნებრივია, როგორც ყველა შეზღუდულ რესურსს, ასევე კომერციულ ინფორმაციას აქვს თავისი შესატყვისი შემოსავალი – როიალტი. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Berczi A., 1981. Information as a Factor of Production. Business Economics, Vol. 16, No. 1.
  2. Brynjolfsson E., Hitt L., 1995. Information Technology as a Factor of Production: The Role of Differences among Firms. Economics of Innovation and New Technology, Vol. 3, No. 4, <http://ccs.mit.edu/papers/CCSWP201/>.
  3. Church A. H., 2016 [1910]. Production Factors in Coast Accounting and Works Management. Delhi: Facsimile Publisher.
  4. Cleveland H., 1982. Information as a Resource. The Futurist, Vol. 16, December.
  5. Gentile B., 2011. The New Factors of Production and the Rise of Data-Driven Applications. Forbes, October 31, < https://www.forbes.com/sites/ciocentral/2011/10/31/the-new-factors-of-production-and-the-rise-of-data-driven-applications/#4264220317da >.
  6. Griffiths A., Wall S., eds., 1997. Applied Economics. An Introductory Course. Seventh Edition. London, Longman.
  7. Kendall W. R., Scott C. R., 1990. Information as a Factor of Production. Journal of Information Technology Management, Vol. 1, No. 2, <http://jitm.ubalt.edu/I-2/JITM%20Vol%20I%20No.2-5.pdf>.
  8. McConnell C. R., Brue S. L., 2005. Economics: Principles, Problems, and Policies. Sixteenth Edition. New York, McGraw-Hill/Irwin.
  9. Papava V., 1993. A New View of the Economic Ability of the Government, Egalitarian Goods and GNP.International Journal of Social Economics, Vol. 20. No. 8.
  10. Papava V., 2000. State, Public Sector and Theoretical Prerequisites to a Model of an “Economy Without Taxes”. International Journal of Social Economics, Vol. 27. No. 1-2.
  11. Taylor F. W., 2004 [1911]. The Principles of Scientific Management. Middletown, The Project Gutenberg EBook.
  12. Артамонов А. В., 2010. Информация как фактор производства и развития в современной экономике. Вестник тамбовского университета. Серия: Гуманитарные науки, № 4 (84).
  13. Берестовая К., 2017. Основные факторы производства и факторные доходы. Рынки факторов производства и факторные доходы. SYL, 28 марта, <https://www.syl.ru/article/304183/osnovnyie-faktoryi-proizvodstva-i-faktornyie-dohodyi-ryinki-faktorov-proizvodstva-i-faktornyie-dohodyi>.
  14. Голиченко О., 2008. Проблемы модернизации инновационной системы и инновационной политики России. Инновации, № 10.
  15. Голиченко О., 2012. Модели развития, основанного на диффузии технологий. Вопросы экономики, № 4.
  16. Гребнев Л., 2010. Факторы и ресурсы: тождество, различие или противоположность? Вопросы экономики, № 7.
  17. Макконнел К. Р., Брю С. Л., 1992. Экономикс: Принципы, проблемы и политика. Т. 1. Москва, Республика.
  18. Окилов А. А., 2016. К вопросу об эффективности использования факторов производства. Экономический журнал, № 3 (43).
  19. Папава В., 1993. Роль государства в современной экономической системе. Вопросыэкономики, № 11.